ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრს ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი დაემატება

13938241_1759402660983328_590131526279261280_oსაზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრს ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი დაემატება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 5 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ფოკის მოსახლეობას პირველად მიეცემა საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. ადგილობრივები ისარგებლებენ როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნებით, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკითაც. რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.
ბიბლიოთეკისა და საკონფერენციო დარბაზის მშენებლობას მიმდინარე წლის ივნისიდან ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკის პერსონალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის − „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ − ფარგლებში გადამზადებულია თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების გაცემისა და საბაზისო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების კუთხით.
ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შარშან ივლისში მიიღო, როცა იგი ფოკელ ახალგაზრდებსა და საკუთარ თანამშრომლებთან ერთად ზემო სვანეთში იმყოფებოდა. „ეთნიკურად სომეხ საქართველოს ამ ახალგაზრდა მოქალაქეებს ქართული ენის შესწავლის საოცარი მისწრაფება აქვთ, რაც მათი ნიჭის და ქართულის მასწავლებლის, ქალბატონი კლარა ფოცხვერაშვილის დამსახურებაა. ამიტომაც ჩვენ ამ ბავშვებს დავპირდით, რომ ამ მისწრაფების რეალობად ქცევისათვის ისეთსავე ინფრასტრუქტურას მოვუწყობდით, როგორიც უკვე შევიტანეთ 30-მდე ქართულ სოფელში ბოლო ოთხის წლის განმავლობაში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.