ქართული ენის სწავლების კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით, სამ საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის სწავლების კურსი დაიწყო.  პროექტი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება, სწავლების კურსს კი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები გაუძღვებიან.

სწავლების კურსის პრეზენტაციის მიზნით, 7 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის საზოგადოებრივ ცენტრს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ კაკულია და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი რუსუდან ტუშური ეწვივნენ.

საზოგადოებრივ ცენტრებში სწავლება 3 დეკემბერს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული კურსი ადგილობრივი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ანალოგიური სასწავლო კურსი ყვარელწყალის (დუისი) და სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრებშიც მიმდინარეობს.

სწავლების სისტემის შერჩევისას, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შეარჩია  ისეთი მეთოდი, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს ქართული ენის სწრაფად შესწავლაში დაეხმარება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან და იუსტიციის სასწავლო ცენტრისგან სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ინიციატივით,  ქართული ენის შემსწავლელი კურსები უკვე განხორციელდა   ფოკის, სართიჭალის და ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში.