შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან

13055836_917240545065253_7448976579789282668_oეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საჭიროებათა შემფასებელი მისია საარჩევნო სიების  სრულყოფის საკითხებზე შუალედურ ანგარიშს გაეცნო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე ესწრებოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო დირექტორს, ანდრეას ბეიკერს, მრჩეველს საარჩევნო საკითხებში ოლეკსი ლეჩკოვახს და მრჩეველს ახალი ტექნოლოგიების საკითხებში, სტივენ მარტინს   სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა  „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შუალედური ანგარიში წარუდგინეს.

სააგენტო ინტენსიურად მუშაობს მონაცემთა ბაზების ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით განხორციელებულია მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ: მონაცემთა ბაზაში იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილია გაორების 481 ფაქტი, დარეგისტრირებულია 210 გარდაცვალების აქტი, აღდგენილია 1 554 ფოტოსურათი, შესწორებულია 252 ხარვეზიანი ჩანაწერი, საფასურის გადახდის გარეშე გაცემულია 57 000-მდე პირადობის მოწმობა და სხვა.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

OSCE/ODIHR-ის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საჭიროების შემფასებელი მისია საქართველოში 25 აპრილს ჩამოვიდა.  ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს და სააპელაციო სასამართლოს  წარმომადგენლებს. მისია საქართველოს 29 აპრილს დატოვებს.