შეხვედრა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით,  მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სხვადასხვა სამინისტროების,  35 მუნიციპალიტეტისა და გუბერნიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა  რეგიონული განვითარების სამინისტროსა და  იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა და მისი მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროცესებში ჩართული  უწყებების  შეკრება და იმ საკითხებზე ინფორმირება იყო, რომელიც უზრუნველყოფს 2016 წლის პირველი იანვრიდან ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერებისა და აღდგენის პროცესების შეუფერხებლად წარმოებას. კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ 2015 წლის 16 ივლისა არის დამტკიცებული და    2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის აღრიცხვა და შესაბამისი ელექტრონული რეესტრის წარმოება სწორედ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა განახორციელოს. ამასთან,  სხვადსხვა სახელმწიფო უწყებებს დავალებული აქვთ გარკვეული ღონისძიებების განხორციელება, რათა დროულად მოხდეს პირველადი რეესტრის შესაქმნელად საჭირო მონაცემების ფორმირება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში, სსგს პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში აქტიურად მუშაობს ელ. მმართველობის განვითარების კუთხით. შედეგად პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სისტემის დანერგვა.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია შეხვედრის მონაწილე მხარეებს შორის.