შეხვედრები მიგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ ცენტრებში

01სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და  სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში (სოფლები: ჯვარი, გეგუთი, ხევი, მეჯვრისხევი, მუხაესტატე და სართიჭალა) ადგილობრივ მოსახლეობასთან მიგრაციის საკითხებზე შეხვედრები იმართება.

პროექტის წარმომადგენლები ადგილობრივებს აწვდიან ინფორმაციას ლეგალური და არალეგალური მიგრაციის საკითხებზე თურქეთსა და საბერძნეთში, ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე და პრობლემებზე, რომლებიც ქართველ მიგრანტებს აწუხებთ.
ასევე, იმართება ,,სიდას” მიერ მომზადებული ფილმის ,,რა უნდა იცოდეს საბერძნეთში და თურქეთში გამგზავრების მსურველმა” ჩვენება, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ რა საფრთხეები არსებობს უცხო ქვეყნებში, რას უნდა მოერიდონ იქ ჩასული მიგრანტები, როგორია სიტუაცია დასაქმების მხრივ და რა უნდა გააკეთონ ქალბატონებმა ტრეფიკინგის საფრთხისგან თავის ასარიდებლად.

„სიდა“ ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივას, რომელიც მიმდინარეობს G-PAM პროექტის ფარგლებში. საპილოტე ინიციატივა მხარდაჭერილია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ და მისი მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 2015 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიგრაციის სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.