ჩაქვის საზოგადოებრივი ცენტრი

01

სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. 15 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში რიგით ოცდამერვე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც მოსახელობას მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მიმდებარედ მცხოვრებნი და ჩაქვის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ. საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში, მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას, ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ “ლიბერთი ბანკისა” და “მაგთიკომის” მომსახურებით. ჩაქვის მოსახლეობას ყველა ამ სერვისთვის დაბიდან გასვლა აღარ მოუწევს რაც მათ დროსა და ფინანასებს დაზოგავს.

საზოგადოებრივი ცენტრი ჩაქვისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში, 20.000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების. მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიება.

ჩაქვის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა, საქართველოში 27 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბალისა და ლენტეხის მოსახლეობას.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; აჭარის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.