„ცოცხალი წიგნები“ მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში

11709545_757456121043697_8705867018370330488_n

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში ქართველმა მწერლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ლიტერატურული საღამო გამართეს. ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტ “ცოცხალი წიგნები”-ს ფარგლებში გაიმართა.

პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში, მწერლები და პოეტები სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლების და ქალაქების საჯარო სკოლებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, კულტურის სახლებს და სხვა საჯარო დაწესებულებებს. ლიტერატურულ და პოეზიის საღამოებთან ერთად, ისინი ცდილობენ გამოავლინონ ადგილობრივი ნიჭიერი შემოქმედები. აღსანიშნავია, რომ პროექტი „ცოცხალი წიგნები“ უკვე ესტუმრა ჯვარის საზოგადოებრივ ცენტრს, ანალოგიური შეხვედრები სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში მომავალშიც გაიმართება.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.