ჯეოსელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ელექტრონული ხელმოწერა დანერგა

12961155_905122562943718_4190386879340425566_oჯეოსელი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდამჭერი სერვისების მეშვეობით, თავის აბონენტებს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონული ხელმოწერის მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებელი მომსახურების მიღების პროცესში შექმნილ დოკუმენტებზე ელექტრონულად დააფიქსირებს ხელმოწერას, რაც აბონენტს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ყველა დოკუმენტაცია და პროცედურა შეინახება ელექტრონულად და მომხმარებელი მარტივად შეძლებს მათთან წვდომას.

ამ ინოვაციური პროდუქტის მხარდამჭერი სერვისების პრეზენტაცია 5 აპრილს, ჯეოსელის ოფისში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ და ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ გამართეს.

“სერვისების განვითარების სააგენტო ამ ინოვაციური პროდუქტის (ელექტრონული ხელმოწერის) მხარდამჭერ სერვისებს, კერძოდ, შიფრაციის სერტიფიკატსა და დროის აღნიშვნას (Timestamp), უკვე სთავაზობს კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტული მომსახურების შეთავაზებაზე არიან ორიენტირებული. ეს სერვისი კომპანიებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად შეამცირონ მომსახურების დრო, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება” განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ.

ეს ინიციატივა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან თავიდან იქნება აცილებული ქაღალდის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მომსახურების სფეროში დიდი რაოდენობით ქაღალდი გამოიყენება, რაც გარემოს მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ, მსგავსი ინოვაციური სერვისების დანერგვით, როგორც სახელმწიფო და კერძო კომპანია, ასევე მისი მომხმარებელი ხდებიან გლობალური გარემოს დაცვითი ინიციატივების თანამონაწილეები.

ჯეოსელის გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი: “ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ინოვაციურ მიდგომას მომსახურების სფეროში. ამჯერადაც, ჩვენს აბონენტებს ვთავაზობთ კიდევ ერთ, ახალ მომსახურებას – ელექტრონულ ხელმოწერას, რომლის მეშვეობით მომხმარებელი გაცილებით უფრო მარტივად გაივლის პროცედურებს ჩვენს მაღაზიებში და საშუალება ექნება თავად გახდეს ინოვაციის თანამონაწილე. გარდა ამისა, ამ მომსახურებით ჩვენი აბონენტი მეტად მნიშვნელოვანი, გარემოს დაცვითი, ინიციატივის მონაწილეც ხდება – ჩვენ დავზოგავთ დიდი რაოდენობით ქაღალდს და ერთად გავუფრთხილდებით გარემოს“.