დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრად სერვისების განვითარების სააგენტოში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელმა პირებმა დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ევროკავშირის ექსპერტები, აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის, შვედეთისა და შვეიცარიის კონსულები საქართველოში.

სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს ბინადრობის ნებართვების მოპოვებისა და მოკლვადიანი ვიზის მიღების პროცედურებზე.

კონსულები იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის – იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე. შეხვედრის დასასრულს,  სპეციალურად მათთვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, რომლის დროსაც  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას, დაეთვალიერებინათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები.