41-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა სოფელ ბარალეთში გახსნა

gaxsna 14917018_1804822713107989_5407205705931472492_oსაქართველოში რიგით 41-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა სოფელ ბარალეთში გახსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა 41-ე საზოგადოებრივი ცენტრი დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ ბარალეთის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე სოფლების − კოთელიის, კოჭიოს, იხტილის, ბუღაშენის, ტურცხის, დიდი სამსარის, პატარა სამსარის, მერენიის, ლომატურცხის, ღადოლარის, ზაკვის, ბალხოს, გომანის, ალათუმნის, აგანის, ბეჟანოს, აზავრეთისა და ბურნაშენის − 20 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ბარალეთის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. კერძოდ, ბარალეთში სოფლიდან გაუსვლელად დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები; ასევე, უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სოფლის მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.
„გვიხარია, რომ საქართველოს 41-ე სოფელს უნიკალური ინფრასტრუქტურა შეემატა. აქვე დავძენ, რომ დღეს ბარალეთში სხვა სასიხარულო ამბავიც ჩამოვიტანეთ – იუსტიციისა და კულტურის სამინისტროების თანამშრომლობის შედეგად, 28 ოქტომბერს საზოგადოებრივი ცენტრის ეზოსთან მდებარე სასაფლაოს, რომელიც განვითარებული და შუა საუკუნეებით თარიღდება, ხოლო მასზე განთავსებული ყველაზე გვიანდელი საფლავის კვალი მე-19 საუკუნისაა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ასეთი ძველი სასაფლაო რომ არსებობდა, ეს ფაქტი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევისას აღმოვაჩინეთ“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ბარალეთის გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 40 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, იორმუღანლოში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, ტყვიავში, ვალეში, არხილოსკალოსა და ბერძენაულში ფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.
წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით კიდევ ორი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება − სოფელ კუმურდოსა (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ლაჯანაში (ცაგერის მუნიციპალიტეტი).
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.