მიგრაციის მართვის საკითხებზე საქართველოს გამოცდილებას უცხო ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლები იზიარებენ

1 022საქართველოს მიგრაციის მართვის საკითხებთან დაკავშირებით სასწავლო ვიზიტით ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების წარმომადგენლები ეწვივნენ.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ბუდაპეშტის პროცესის სამდივნო) ორგანიზებით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისა და ერაყის რესპუბლიკის წარმომადგენელთათვის სასწავლო ვიზიტი 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მოეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები მიგრაციის მართვის სფეროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობას და კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების გამოცდილებას გაეცნობიან. ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და თბილისის იუსტიციის სახლს ეწვევიან, სადაც ადგილზე გაეცნობიან საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელს და იმ მომსახურებებს რომელსაც ეს ორგანიზაციები უცხოელებს და საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, პოლიციის აკადემიას და თბილისის აეროპორტს, სადაც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და საზღვრის მართვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილია იუსტიციის, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან მიგრაციის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

ინფორმაციისთვის, ბუდაპეშტის პროცესი არის საკონსულტაციო ფორუმი და საერთაშორისო დიალოგის ფორმატი ევროპისა და აზიის 50-ზე მეტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის. აღნიშნული მიზნად ისახავს, ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას პროცესში მონაწილე ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებებზე. ავღანეთისა და ერაყის რესპუბლიკების წარმომადგენელების სასწავლო ვიზიტი ხორციელდება ბუდაპეშტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე პროექტის, სახელწოდებით „აბრეშუმის გზების პარტნიორობის ხელშეწყობა მიგრაციისთვის“ ფარგლებში.