მოქალაქის პორტალის პრეზენტაცია ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში

11074372_555515087923233_3655059809064714516_nსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოქალაქის პორტალის MY.GOV.GE-ს პრეზენტაციების ციკლი დაიწყო.

პირველი შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მდებარე ახალი ტიპის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, სადაც ასევე განთავსებულია თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურად გააცნეს მოქალაქის პორტალის (www.my.gov.ge) გამოყენების ინსტრუქცია, ისაუბრეს მის უპირატესობებზე და წარმოადგინეს ყველა ის მნიშვნელოვანი ელექტორნული მომსახურება, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით შეუძლიათ.

მოქალაქის პორტალით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის მიღებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი სახელისა და პაროლის დარეგისტრირება საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

მოქალაქის პორტალზე მომხმარებელი რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას – იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა. მომხმარებელს, მაგალითად, შეუძლია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიცვალოს მისამართი, განაახლოს ქონების ამონაწერი, ელქტრონულად გამოითხოვის საჯარო ინფორმაცია ან დაარეგისტრიროს კომპანია და წამოიწყოს ბიზნესი. ყველა მომსახურება შესაბამისი კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველის არჩევას. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელსაც ხშირად იყენებს, საკუთარი შეხედულებისამებრ განათავსოვს პირად გვერდზე. დღეისათვის პორტალზე ხელმისაწვდომია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება.

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტრონული სერვისებისა და მათი გამოყენების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვაწოდოთ. ჩვენი მიზანია, რომ ელექტრონული მმართველობა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ელექტორნულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიღების შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივ ცენტრებში მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზება“, – ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

მსგავსი სახის შეხვედრები ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ეტაპობრივად ჩატარდება.

ფოტო გალერეა