საზოგადოებრივი ცენტრების გამწვანების აქცია – კიდევ ერთი ინიციატივა სოფლის მცხოვრებთათვის

10608409_712708812185095_7693831922532367037_oიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 11 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში დეკორატიული ხის ჯიშების ─ იფნისა და საპნისხის, ნერგები დაირგო.

საზოგადოებრივი ცენტრების გამწვანების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და სოფლის მოსახლეობის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა; პროცესში  მოსახლეობის ჩართულობა კი სოფლის მცხოვრებთ საშუალებას აძლევს, თავად იზრუნონ საზოგადოებრივ ცენტრებზე, რომლებიც მათ, 200-ზე მეტი სერვისის გარდა, შეკრებებისა და შეხვედრებისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურასაც სთავაზობს.

დღეისათვის უკვე დასრულებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ─ მანგლისისა და კოდის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჯვრის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის საზოგადოებრივი ცენტ​რების გამწვანება, უახლოეს ხანში კი სოფელ ფოკას საზოგადოებრივი ცენტრის გამწვანების აქციაც მოეწყობა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 120 ნერგი (იფანი და საპნისხე) შპს „საქართველოს ნერგებმა“ საჩუქრად გადასცა.

ფოტო გალერეა