აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაცია და პირადი ნომრის მინიჭება

ვის ენიჭება პირადი ნომერი რეგისტრაციის საფუძველზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის პირს,   რომელიც არ ფლობდა/არ ფლობს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, როგორც საქართველოს მოქალაქეს,  უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის საფუძველზეც მიენიჭება პირადი ნომერი.

ვინ შეიძლება იყოს განმცხადებელი

განცხადება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლის და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა პირმა, მხარდამჭერმა, არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა/მეურვემ/მზრუნველმა.  განცხადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია მინდობილი პირის მეშვეობით.

სად შეიძლება განცხადების წარდგენა

რეგისტრაციის გავლის და პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, სსიპ – იუსტიციის სახლს ან საზოგადოებრივ ცენტრს. განცხადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით.

როგორ შეიძლება რეგისტრაციის გავლა სახლიდან გაუსვლელად

სახლიდან გაუსვლელად პირადი ნომრის მინიჭებისათვის რეგისტრაციის გასავლელად სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

რა დოკუმენტებია საჭირო  რეგისტრაციისათვის და მის საფუძველზე პირადი ნომრის მინიჭებისათვის

რეგისტრაციის გავლისა და პირადი ნომრის მინიჭებისათვის  წარმოდგენილ უნდა იქნეს:

  • პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი ან შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
  • 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5 X 4,5 სმ. – დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.

რა დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტი

  • ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს;
  • არასრულწლოვანი /ქმედუუნარო პირის, ასევე 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირის შემთხვევაში – აღნიშნული პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მშობლის (მშობლების)/მეურვის /მზრუნველის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი ან პირადობის ნეიტრალური მოწმობა/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;
  • სხვა დოკუმენტი.

რეგისტრაციის ვადა

უფლებამოსილი სამსახური პირს რეგისტრაციაში ატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების   წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
არასრულწლოვანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი  პირის მისამართზე რეგისტრაცია

არასრულწლოვანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მისამართზე რეგისტრაცია  შეიძლება განხორციელდეს არასრულწლოვანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით.