dabadeba
დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. პიროვნება დაბადების რეგისტრაციის შემდეგ გაცემულ მოწმობას წარადგენს, სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და ა.შ
დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით  შესაძლებელია მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, საზოგადოებრივ ცენტრებს  ან იუსტიციის სახლს.

საქართველოში ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას, სამედიცინო დაწესებულება, ელექტრონული შეტყობინებით, თავად აწვდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს,  რომელიც  ახორციელებს  დაბადების  ფაქტის რეგისტრაციას.

განცხადებას დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს:

  • ბავშვის ერთ-ერთი მშობელი;
  • მშობლის  მინდობილი პირი;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
  • იმ სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, სადაც დაიბადა ბავშვი;
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებული, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.
    თუ  ბავშვი  დაიბადა სამედიცინო  დაწესებულების გარეთ ან სხვა სახელმწიფოში,  ბავშვის  დაბადების  შესახებ   მარეგისტრირებელ   ორგანოს რეგისტრაციის   მოთხოვნით  შეუძლია  მიმართოს  ასევე   ბავშვის  მშობელმა.

ქორწინებაში მყოფმა მშობლება უნდა წარადგინონ:

  • ქორწინების მოწმობა;
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქორწინებაში  არმყოფმა  მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ:

  • ორივე მშობლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ქორწინებაში  არმყოფმა  დედამ ბავშვის  დაბადების  რეგისტრაციისათვის უნდა   წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ასევე წარსადგენია – ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით.
დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მომსახურების ვადა და ღირებულება

დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა

დაბადების მოწმობა გაიცემა უფასოდ