საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეიცვალოს სახელი ან/და გვარი.სახელის ან/და გვარის შეცვლის შემდეგ პირს მონაცემი (სახელი ან/და გვარი) ეცვლება, ხოლო დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი, უცვლელი რჩება.სახელი ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.
სახელისა და გვარის შეცვლის პირობები:
სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
- მშობელთა შეერთებული გვარი;
- პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი;
- საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
- ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
- მშვილებლის გვარი;
- ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;
- მამის გვარი, მამობის დადგენისას;
- ისტორიული გვარი,
- სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
სრულწლოვან პირს უფლება აქვს, გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია:
თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
- სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია,
- განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;
- დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.“.
სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისთვის წარმოსადგენი საბუთები:
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- განმცხადებლის დაბადების მოწმობა
- განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები
- მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია
- 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის თანხმობა სახელის ან/და გვარის შეცვლაზე
- გვარის შეცვლის შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი საბუთი
იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
შენიშვნა: გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადების განხილვის დროს საჭიროა ზეპირი მოსმენის ჩატარება. განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.