ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: 2011-2014 (I ფაზა); 2014-2016 (II ფაზა); 2016-2017 (III ფაზა); 2017 – 2020 (IV ფაზა)

პარტნიორი/პროექტში მონაწილე მხარეები: სამიზნე მუნიციპალიტეტები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, კომპანია „3 Line“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
2011 წლის 7 დეკემბრიდან,  სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“.

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის მხარდასაჭერად ინერგება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა  „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ (მმს).

ახალი სისტემის ძირითად დანიშნულებად განისაზღვრა მოქალაქეთა მოთხოვნების ელექტრონულად აღრიცხვა,  გადაწყვეტილების მიღების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით პროცესების ავტომატიზაცია.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და მხარდაჭერა ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
  • ელექტრონული მონაცემების გაცვლის პროცესის უზრუნველყოფა თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის;
  • ადგილობრივი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა მუნიციპალურ სერვისებზე სოფლიდან გაუსვლელად, საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით;
  • „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოქმედი უსაფრთხო და ეფექტიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოქალაქის პორტალზე my.gov.ge;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა გადამზადება, ელექტრონული მმართველობის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში მუშაობის მიზნით.

 

 

მიღწეული შედეგები

ელექტრონული მმართველობის დანერგვა საშუალებას აძლევს სამიზნე მუნიციპალიტეტებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიყენონ ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია, რის შედეგადაც იზრდება გაწეული მომსახურების ხარისხი.  ელექტრონული მმართველობის დანერგვის საშუალებით, გაუმჯობესებულია კონტროლი გაწეულ სერვისზე, შემცირებულია მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები.

ამ ეტაპზე, მმს-ის მეშვეობით, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე აქტუალური მუნიციპალური სერვისების ავტომატურ რეჟიმში წარმოება მიმდინარეობს. აღნიშნული მუნიციპალური სერვისები ერთიანდება შემდეგ ჯგუფებში:

ა) ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა და სტატუსის შესახებ ცნობის გაცემა;

ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამები;

გ) სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული მუნიციპალური სერვისები;

დ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული მუნიციპალური სერვისები;

მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება აქვს მუნიციპალურ ცენტრში მისვლის გარეშე, სოფლიდან გაუსვლელად გააკეთოს განცხადება სტატუსის მისაღებად. აღნიშნული განაცხადები ავტომატურად იგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტებში, რომელიც მმს-ის საშულებით მართავს საქმისწარმოების პროცესებს.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის ფარგლებში, მოხდება ახალი მუნიციპალური სერვისების დამუშავება, ოპტიმიზაცია და მმს-ში მათი ინტეგრაცია და ავტომატიზაცია. შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტებში  გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება კიდევ უფრო სანდო, გამჭვირვალე, რაც ეფექტიანი სისტემის მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს.
მმს დაინერგება ჯამში 55 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 34 სამიზნე მუნიციპალიტეტში – სრული სერვისებით. მმს-ის დანერგვა, უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით. როგორც ცენტრალური ხელისუფლების სერვისების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ცენტრები, ასევე იქცევა მუნიციპალური მომსახურების „ფრონტ–ოფისად“. დღეს სოფლის მოსახლეობას მუნიციპალური სერვისის მისაღებად კვლავ უწევს მუნიციპალურ ცენტრში გამგზავრება, ხოლო მმს-ის დანერგვა, მათ საშუალებას მისცემს სოფლიდან გაუსვლელად გააკეთონ განაცხადი სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის მისაღებად.