სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ელექტრონული სერვისების შემდგომი განვითარებისთვის, ელექტრონული აპოსტილის დანერგვის გზით

ზოგადი ინფორმაცია

სტატუსი: მიმდინარე

ხანგრძლივობა: ივლისი 2019 – ივლისი 2020
დონორი/დამფინანსებელი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი: საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში
პროექტში მონაწილე მხარეები/პარტნიორები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, პარტნიორები: შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.  კონსულტანტები: საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენცია

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას გამჭვირვალე, ეფექტური და ქმედითი საჯარო მმართველობის უზრუნველსაყოფად, ელექტრონული სერვისების, კერძოდ ელექტრონული აპოსტილის სერვისის,  მიწოდების გზით.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • ევროკავშირის და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და ანალიზი ელექტრონული აპოსტილის განხორციელებასთან დაკავშირებით;
  • საქართველოში ელექტრონული აპოსტილის სისტემასთან დაკავშირებული საბოლოო მოთხოვნების შემუშავება;
  • საქართველოს ელექტრონული აპოსტილის სისტემის დანერგვის გზამკვლევის შემუშავება, რომელიც ელექტრონული აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების სიას მოიცავს;
  • აპოსტილის მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო აქტებში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შემუშავება;
  • ელექტრონული აპოსტილის სისტემის კომპონენტების შექმნა;
  • ელექტრონული აპოსტილის მომსახურების გაშვება;
  • ელექტრონული აპოსტილის მომსახურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

  • პროექტი სსგს-ს დაეხმარება ელექტრონული აპოსტილის მომსახურების შექმნასა და დანერგვაში, რაც გაზრდის საქართველოში გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების უსაფრთხოებასა და საიმედოობას, მომხმარებელს გაუადვილებს დამოწმებული დოკუმენტის მიღების პროცესს და შეამცირებს სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარჯებს.
  • დამოწმებული დოკუმენტის გაცემა/მიღება გახდება უფრო მარტივი როგორც სააგენტოსთვის, ისე განმცხადებლისთვის. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დასამოწმებლად დოკუმენტი წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, ხოლო დოკუმენტის გამცემ ორგანიზაციებს აპოსტილით დამოწმების მიზნით აღარ მოუწევთ დოკუმენტების მატერიალური ასლების გამოცემა, ასევე, დამზადებული დოკუმენტის გაცემა შესაძლებელი იქნება ელექტრონული გზით (თუმცა შენარჩუნებული იქნება დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარმოებაც და მოთხოვნის შემთხვევაში კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება დოკუმენტების ზემოაღნიშნული ფორმით გაცემა/მიღება).
  • გაიზრდება აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების უსაფრთხოება და სანდოობა ელექტრონული აპოსტილის დამცავი ნიშნების მეშვეობით (ციფრული ხელმოწერა, ციფრული სერტიფიკატი და ა.შ.). ტექნიკური გარანტიები უზრუნველყოფს, რომ დამოწმების შემდეგ აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტში ან აპოსტილის შტამპში/სტიკერში ვერ განხორციელდება ცვლილებები. ელექტრონული აპოსტილის არსებობის პირობებში მინიმუმამდეა დაყვანილი შტამპის გაყალბების რისკი. ამასთან ერთად, ელექტრონული რეესტრი აპოსტილის (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული აპოსტილის) ნამდვილობის უფრო ხშირად და იოლად გადამოწმების საშუალებას იძლევა.
  • ხარჯების შემცირება – მატერიალური აპოსტილის გაცემა დაკავშირებულია უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნების შემცველი ქაღალდის შესყიდვის, სკანირების, ბეჭდვის, აკინძვის, სტიკერის დაკვრისთვის საჭირო ადამიანურ, ფინანსურ ხარჯებთან და დროსთან.