ახალქალაქში ქორწინების სახლი გაიხსნა

318 ოქტომბერს ახალქალაქის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის   ქორწინების სახლი გაიხსნა.
ამ დრომდე  ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა.
ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახალქალაქის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.
ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია:  ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ხოლო შაბათ–კვირას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ წინასწარ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. მოქალაქეთა მიღება წარმოებს 09:30-დან 18:00 საათამდე.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, არაერთი ინიციატივის შედეგად,  მკვეთრად გაუმჯობესდა ქორწინების ცერემონიალისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და ატრიბუტიკა. ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო: ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში. დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში სპეციალური  სადღესასწაულო სივრცე მოეწყო.
გარდა ამისა, 2014 წელს შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.