ბოლნისში ქორწინების სახლი გაიხსნა

81120845_2538269432962348_4565967457361068032_o ქალაქ ბოლნისის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლი გაიხსნა.
ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლნისის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. 27 დეკემბრიდან კი ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ხოლო შაბათ–კვირას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ წინასწარ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. მოქალაქეთა მიღება წარმოებს 09:30-დან 18:00 საათამდე.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, არაერთი ინიციატივის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა ქორწინების ცერემონიალისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და ატრიბუტიკა. ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო: ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში. დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში სპეციალური სადღესასწაულო სივრცე მოეწყო.
გარდა ამისა, 2014 წელს შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.