ბოტსვანას სახელმწიფო დელეგაციამ მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

IMG_4948ბოტსვანას სახელმწიფო დელეგაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლა. დელეგაციის წევრები საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის კონცეფციას გაეცნენ და მიიღეს სრული ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ. აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მათში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. ცენტრებში მოსახლეობას ასევე შეუძლია 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით ისარგებლოს. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 64 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში გამგზავრებამდე დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს მიხეილ სარჯველაძესა და გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდნენ, რის შემდეგაც იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სამინისტროში შემავალი სხვა სიპების მუშაობას გაეცნენ.

ბოტსვანას სახელმწიფო დელეგაციის საქართველოში ოფიციალური შეხვედრები 4 თებერვალს დაიწყო და 7 თებერვალამდე გაგრძელდება.