გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივ ცენტრებში შეხვედრები გრძელდება

84326615_2998678110164705_8769462528460718080_oგენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ხუთ საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და   არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“  ორგანიზებით საინფორმაციო ღონისძიება მოეწყო.

დმანისის, ახალსოფლის, ადიგენის, აწყურისა და წნორის საზოგადოებრივ ცენტრებში გამართული შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობაზე ინფორმაციის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა/გაძლიერება ადგილობრივ დონეზე.

გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე. შეხვედრების დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზები. ადგილიდან გაუსვლელად მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის წასახალისებლად შეხვედრების დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და საუკეთესო პირობებია შექმნილი სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩასატარებლად.

გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო ღონისძიება კიდევ სამ – შუახევის, ზედა საზანოსა და ლესიჭინეს – საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება.