გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა

71655681_2525723217476244_4758208660226703360_oვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ − გახსნა. დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა.

გლდანში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა და სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ფუნქციონირებდა. მისი მომსახურებით სარგებლობს გლდანის, მუხიანის, ნაძალადევისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა, სადაც, ჯამში, 300 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული. 2017 წელს გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში თვეში, დაახლოებით, 12 000 ტრანზაქცია ხორციელდებოდა, დღეისათვის კი მათი რაოდენობა 20 000-მდეა გაზრდილი. მომხმარებელთა ნაკადის ასეთმა მატებამ საჭირო გახადა საზოგადოებრივი ცენტრის ახალ, უფრო დიდ სივრცეში გადასვლა, სადაც მოქალაქეებს 21 ოპერატორის ნაცვლად 39 ოპერატორი მოემსახურება და სერვისების მიღება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული იქნება.

ახალ შენობაში გადასულ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები არა მხოლოდ 200-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისს მიიღებენ, როგორც ეს დღემდე ხდებოდა, არამედ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ. პრობაციის სერვისების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა. 2018 წელს საპატიმროებისა და პრობაციის სისტემების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შედეგად ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს საშუალება აქვთ, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე მიიღონ მათთვის საჭირო მომსახურება საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების თანამედროვე ინფრასტრუქტურაში. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზების აღმოფხვრა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა. დღეისათვის პრობაციის ოფიცრები მოსახლეობას 15 საზოგადოებრივ ცენტრსა (შუახევის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, ლენტეხის, ამბროლაურის, საჩხერის, ტყიბულის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ადიგენის, წნორის, დუშეთის, გლდანის) და 13 იუსტიციის სახლში (ონში, ხონში, სენაკში, მარტვილში, ფოთში, ზუგდიდში, ბორჯომში, ახალქალაქში, თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და თიანეთში) ემსახურებიან.

დღეისათვის საქართველოში უკვე 74 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მიწოდება თანამედროვე სტანდარტების კომფორტულ გარემოში.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.