
საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც დიპლომატებს აკრედიტაციის ელექტრონულად გავლა შეეძლებათ. ამისათვის სერვისების განვითარების სააგენტომ დიპლომატთა აკრედიტაციის ახალი სისტემა შეიმუშავა, მოამზადა შესაბამისი მონაცემთა ბაზები, დანერგა საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა და შექმნა გაყალბებისაგან დაცული, ინოვაციური დიზაინის ბარათები, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ელექტრონულ აკრედიტაციას უზრუნველყოფს.
ახალი დიპლომატიური ბარათებით შესაძლებელი იქნება არა მარტო მფლობელის ვინაობის იდენტიფიცირება, არამედ სხვადასხვა სერვისის მიღებაც, მათ შორის, საგადასახადო და სავაჭრო ობიექტებში დიპლომატებისათვის გათვალისწინებული საშეღავათო სისტემით სარგებლობა. ბარათის მფლობელი ავტომატურად მიიღებს ყველა იმ შეღავათს, რასაც დიპლომატის სტატუსი ითვალისწინებს. დღემდე ამ მომსახურებებისათვის დამატებითი დოკუმენტების წარდგენა იყო საჭირო.
პროგრამა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული პროექტის − „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ − ფარგლებში შემუშავდა და დაინერგა. მის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სპეციალური სიგელი გადასცა.
უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და მათი მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით სერვისების განვითარების სააგენტო წარმატებით თანამშრომლობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთანაც. უწყება მეზღვაურებისათვის სრულიად ახლებურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებულ პასპორტებსა და სერტიფიკატებს გასცემს.