დღეიდან ქორწინების სახლები მომსახურებას ეტაპობრივად განაახლებენ

ქორწინების სახლიქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარებისთვის პირველ ეტაპზე თბილისში ორმა ქორწინების სახლმა მუშაობა განაახლა. 29 მაისს სამუშაო პროცესი განახლდა თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში განთავსებულ ქორწინების სივრცეში (სანაპიროს ქ. N2), ხოლო 31 მაისს – თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქორწინების სივრცეები 15 ივლისამდე მუშაობის ახალ პრინციპზე გადავიდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 25 მაისის N543 ბრძანების თანახმად, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაქორწინებელ პირებთან ერთად დაიშვებიან მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.
ქორწინების მსურველმა წყვილმა საზეიმო ცერემონიალის სერვისის მისაღებად საჭიროა გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლში ვიზიტი  წინასწარ my.gov.ge პორტალზე დაჯავშნოს. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს იუსტიციის სახლში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება. მომხმარებელი ფილიალში მისვლის დროს წარადგენს მომსახურების ერთჯერად კოდს.
ქორწინების რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი დაუჯავშნის კონკრეტულ  ქორწინების სახლში საზეიმო რიტუალის ჩატარების თარიღსა და დროს.
ინფორმაციისთვის, ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარების გამო მიმდინარე წლის მარტიდან იყო შეჩერებული. მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლებმა/საზოგადოებრივმა ცენტრებმა 5 მაისიდან განაახლეს მუშაობა, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია საზეიმო რიტუალის გარეშე.
საქართველოს მასშტაბით 26 ქორწინების სახლი (სივრცე) ფუნქციონირებს. სამსახურებში სამუშაო პროცესი ეტაპობრივად განახლდება.