თეა წულუკიანი: „ჩვენი ინიციატივით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგად ახალგაზრდებს გზა გაეხსნათ ვიზის გარეშე ევროკავშირის სივრცეში“.

36988101_1678587645597202_3380624408572854272_n„მე მერამდენედ ვდგავარ ამ ტრიბუნაზე თქვენ წინაშე. ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ მინდა, ვთქვა ერთი რამ: ჩემთვის 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე ყოფნა იყო ყოველდღიური ტვირთი და პასუხისმგებლობა. ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა არ არის მარტივი სატარებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე და 6 ათას იუსტიციელს, რომლებიც ამ უწყებაში მუშაობენ, ყველაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ გვეერთგულა იმ ღირებულებებისთვის, რომლითაც ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოვედით სათავეში. 6 ათასამდე იუსტიციელი არის ის კორპუსი, რომელიც მთავრობასთან ერთად მუშაობდა ყოველდღიურ რეჟიმში ჩემი ხელმძღვანელობით, რათა მთავრობას, „ქართული ოცნების“ პარტიას, ქვეყანას მიეღწია არაერთი საერთაშორისო წარმატებისთვის. და ეს საერთაშორისო წარმატებები მიღწეულ იქნა სწორედ რეფორმების გზით. რომ არა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული მასშტაბური რეფორმა, რომელსაც მთავრობა და პარლამენტი ერთსულოვნად მხარს უჭერდით, რისთვისაც გიხდით კიდევ ერთხელ მადლობას, ჩვენ ხელს ვერ მოვაწერდით 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რადგან, დიახ, მართლმსაჯულების რეფორმაში ჩვენ მიერ შემოთავაზებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების სამი ტალღის განხორციელების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით, დავახლოებოდით ევროპულ სივრცეს, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი. ეს რეფორმები ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა. ეს გახლდათ ის რეფორმები, რომლებზეც ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ჩამოდიოდნენ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე, უვიზო რეჟიმის საქართველოსთვის მინიჭებამდე და გვამოწმებდნენ, რას ვაკეთებდით, ერთხმად აღიარებდნენ, რომ იყო ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუხსნიდა ხელმოწერას და უვიზო რეჟიმს. ეს დღე დადგა, დღე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ეს ისტორიული აქტი განახორციელა. ჩვენი ყველას სახელით და დადგა ის დღე, როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს, პირველ რიგში, გზა გაეხსნათ ვიზის გარეშე ევროკავშირის სივრცეში. დიახ, ეს იყო იმ რეფორმების შედეგი, რომელთაც მთავრობა და პარლამენტი ახორციელებდა და ძალიან დიდი წვლილი და ინიციატივა იყო იუსტიციის სამინისტროსი. თუნდაც, ის კმარა, ვახსენოთ, რომ 100-მდე კანონში ცვლილებები განხორციელდა ჩვენი ინიციატივით, რომელმაც ევროპულ სტანდარტთან დააახლოვა ჩვენი კანონმდებლობა. შესაბამისად, ეს საერთაშორისო, თუნდაც, ორი მიღწევა, რაც საქართველოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს, გვათქმევინებს, რომ ევროპასთან დაახლოების გზაზე ეს იყო ყველაზე დიდი და ისტორიული შედეგები. ვერავინ იტყვის იმას, რომ ეს იყო ინერციით მიღწეული, ჩვენ სამოქმედო გეგმა 2013 წელს გადმოგვეცა და ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ. მე აღარ შევჩერდები იმაზე, თუ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ სამოქმედო გეგმის იმ ბლოკში, რომელიც მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა იყო. ეს იყო უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის პირველი ბლოკი სახელწოდებით „უსაფრთხო დოკუმენტები“. ეს იყო პირველი ბლოკი, რომელიც წარმატებით დაიხურა 100 პროცენტით”.