თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნენ

IMG_6724სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი სესილი ვერძაძე თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობა და მათი ცნობიერების ამაღლება თანამედროვე, ინოვაციური სერვისების შემუშავებისა და დანერგვის პროცესის შესახებ.

როგორც სესილი ვერძაძემ სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, „ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის“ კონცეფცია მოიცავს ახალი პროდუქტის შექმნის სრული ციკლის დაგეგმვას: იდეით დაწყებული – მისი დამუშავებისა და განხორციელებისთვის საჭირო  კონკრეტული ნაბიჯებით დამთავრებული. აღნიშნული ლაბორატორია სერვისის დიზაინის შემუშავების, მომხმარებელთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერებისა და სხვა ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ქმნის და ავითარებს ინოვაციურ სერვისებს, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. აღსანიშნავია, რომ ყველა სერვისი შექმნილია მომხმარებელთა მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით და მათზე მაქსიმალურადაა მორგებული.

ინოვაციური სერვისების ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც კოლეგების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის, ასევე, ახალი იდეების გენერირებისა და სააგენტოში ინოვაციური კულტურის ჩამოყალიბების მიმართულებით.

სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიული იყო. ახალგაზრდებს ერთ-ერთი ინოვაციური სერვისის განვითარებაზე პრაქტიკული დავალება მიეცათ, რაზეც  მათ აქტიურად იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა სესილი ვერძაძემ სტუდენტებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო.