ინოვაციების ლაბორატორია ძალადობის შემსწრეთა გააქტიურების პროექტზე მუშაობას აგრძელებს  

IMG_4071სსგს-ს ინოვაციების ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პარტნიორობით მიმდინარე „ძალადობის შემსწრეთა გააქტიურების“ პროექტის მეორე ფაზის დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღეს  მონაწილეობა.

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პროექტის მეორე ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა, სახელწოდებით „ყველა ქალს აქვს სათქმელი“,  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა.

„ძალადობის შემსწრეთა გააქტიურების“ პროექტის ფარგლებში, ხორციელდება იმ ბარიერების გამოვლენა, რაც  ხელს უშლის ქალთა მიმართ ძალადობის შემსწრეებს, იმოქმედონ მსხვერპლის დასახმარებლად. პროექტის მიზანია ძალადობის შემსწრე პირთა ქცევის შეცვლა და მათი ჩართულობის წახალისება ძალადობის დროს მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით.

„ძალადობის შემსწრეთა გააქტიურების“ მეორე ფაზის ფარგლებში, რამდენიმე საზოგადოებრივ ცენტრში – თბილისში (გლდანში), ნუკრიანში, წნორში, ლანჩხუთსა და ნიგოითში ჩატარდა კვლევა ინოვაციური – მიკრონარატივების გაანალიზების მეთოდით.

აღნიშნული ლოკაციები შემთხვევით არ შერჩეულა. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა მოსახლეობის დამოკიდებულება და მათი ისტორიები ამა თუ იმ დასახლებიდან, სადაც ძალადობის შემთხვევათა  გავრცელების შედარებით მაღალი და დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

გამოკითხულთა მონაცემების შეგროვება მიმდინარეობდა აღნიშნული რეგიონების საზოგადოებრივ ცენტრებში.

პროექტი დანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორები არიან: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისლაბი და საზოგადოებრივი ცენტრები, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cognitive Edge, არასამთავრობო ორგანიზაცია Volunteer Hub და სოციალური საწარმო “ცოდნის კაფე”.

ინფორმაციისთვის, ოჯახურ ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური, სექსუალური, ემოციური, ეკონომიკური და სოციალური ხასიათი. იგი შეიძლება ვლინდებოდეს შეურაცხყოფის, ქცევის კონტროლის, მანიპულაციის ან უგულებელყოფის სახით.

არაერთი საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს, რომ ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ მცირე ნაწილი მიმართავს სამართალდამცავ და სხვა ორგანიზაციებს დახმარებისათვის და ცდილობს თავად გაუმკლავდეს ამ პრობლემას.

შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანია ძალადობის შემსწრე პირთა ქცევის შეცვლა და მათი ჩართულობის წახალისება ძალადობის დროს მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით.