
მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს გაიხსნა, საქართველოს საშუალებას აძლევს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მიგრაციის შესახებ ევროპაში მიმდინარე დებატებში, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი; ჩამოაყალიბოს მიგრაციის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისადმი რეაგირების სწორი მიდგომები.
საერთაშორისო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. 29 სექტემბერს მიგრაციის საკითხების ექსპერტის, გაერო-ს და მაასტრიხტის უნივერსიტეტების პროფესორ რონალდ სკელდონის ლექციას დაეთმობა, 30 სექტემბერს კი გაიმართება თემატური სესიები.
საერთაშორისო კონფერენცია – „უახლესი მიგრაციული პროცესები და ევროპა: გამოწვევები და შესაძლებლობები“ ორგანიზებულია საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და 2014 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. მის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).