
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 34 სოფლის მოსახლეობას. მიმდინარე წელს უკვე გაიხსნა ექვსი საზოგადოებრივი ცენტრი, ათი ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.
სოფელ ზედა უსახელოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას 2016 წლის 06 აპრილიდან ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ბანი 2007“ აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის 452 754,10 ლარია გამოყოფილი. ცენტრის გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება.
საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.