პირადობის ელექტრონული მოწმობის პინ-კოდების გაცემა

ID Photo Banner copyპირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ახალი პინკოდების მიღების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს,  საზოგადოებრივ ცენტრებსა  და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს.
პირადობის, ასევე ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მქონე პირებს, რომლებმაც პინკოდები დაკარგეს, ახალი კოდების მიღების შესაძლებლობა აქვთ. პინკოდები მათ სპეციალური დალუქული კონვერტებით გადაეცემათ.
პინკოდის გასაახლებლად მოქალაქე თავად უნდა გამოცხადდეს იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და წარმოადგინოს პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობა. მომსახურების მისაღებად მოქალაქეს არ მოუწევს მოწმობის ოპერატორთან  დატოვება, ვინაიდან პროცედურა მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს.
პინკოდი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს ელექტრონული პირადობის/ბინადრობის მოწმობის  ფუნქციები, როგორიცაა, მაგალითად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. ეს ელექტრონული ფუნქციები ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით, რომლებიც პირადობის/ბინადრობის მოწმობაზე  დაიტანება და მოქმედია 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში.
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უკვე წარმატებით დაინერგა როგორც მოქალაქის პორტალზე (my.gov.ge), ისე არაერთ სხვა უწყებაში, და ამჟამად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების, ასევე ხელშეკრულებების ხელმოსაწერად. დოკუმენტზე ასეთი სახით ხელმოწერა მეტად კომფორტულია. საქმიანი ურთიერთობებისას ადამიანებს აღარ უწევთ სახლიდან და ოფისიდან გასვლა ხელმოსაწერად, იზოგება ქაღალდი და, რაც მთავარია, დრო. დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, საქართველოს კანონმდებლობით, ქაღალდზე ხელმოწერის ალტერნატივაა და მისი თანაბარი იურიდიული ძალა გააჩნია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა  უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვით ხორციელდება. გარდა დოკუმენტზე ხელმომწერი პირის იდენტიფიცირებისა, იგი ასევე უზრუნველყოფს დოკუმენტის დაცვას მანიპულაციისაგან – შეუძლებელია ხელმოწერილ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეუმჩნევლად შეტანა.მოწმობის ელექტრონული ფუნქციების გამოყენების წახალისების მიზნით, წამკითხველი მოწყობილობა უსასყიდლოდ გადაეცემა ყველა პირს, რომელიც პინკოდებს აღადგენს. სხვა შემთხვევაში კი მისი შეძენა შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.
პინკოდების განახლების შესაძლებლობის გაჩენა მნიშვნელოვნად დააჩქარებს ქვეყანაში უსაფრთხო და კომფორტული ელექტრონული სერვისების ფართო გავრცელებას.
პინკოდის ცოდნის შემთხვევაში, როგორც მოწმობის ელექტრონული ფუნქციების (მაგ., კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის) გამოყენება, ისე ვადაგასული სერტიფიკატების განახლება შეიძლება სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ვებგვერდზე – https://id.ge –  გამოქვეყნებული სპეციალური პროგრამისა და ბარათის წამკითხველი მოწყობილობის გამოყენებით.
სხვა კვალიფიციური სანდო მომსახურებებიდან აღსანიშნავია კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელიც იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი და მისი უსაფრთხოებაც, კვალფიციური ელექტრონული ხელმოწერის მსგავსად, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვითაა უზრუნველყოფილი. შტამპის სერტიფიკატების გაცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 1 ივლისიდან დაიწყო. დღეისათვის სააგენტო არის ქვეყანაში კვალიფიციური სანდო მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელი და აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებაში.