პრემიერ-მინისტრმა წნორში 58-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

46736738_1864353950353903_2589931890135793664_o

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, 58-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონებში 2012 წლიდან ხორციელდება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებით ადგილზე სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას წნორის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, წნორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წნორის საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეათეა. ცენტრი ქალაქის ახლოს მდებარე 13 სოფლის 30 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ. აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით.

საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების: „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ქალაქიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. ასევე, მოსახლეობას შეუძლია, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და „სკაიპის“ ოთახით ისარგებლოს.

გარდა ამისა, ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციონერებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მოემსახურება. ამ დროისთვის, საჩხერის ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ოფიცერი უკვე ემსახურება მოქალაქეებს.

ცენტრებში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია, ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებულნი იყვნენ.

ბიბლიოთეკაში მოწყობილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტო-დოკუმენტური მასალების ასლები, რომელებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წნორის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ე.წ .საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შენდება საზოგადოებრივი ცენტრები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსთან კონტაქტი გაუადვილდეს.

დამატებითი ინფორმაცია: დღეისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში. ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინესა და საჩხერეში.