რუხის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის სასწავლო კურსის ფინალი გაიმართა

55760067_2040772599378703_1624362021531156480_oსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა და ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბების პროექტის ფარგლებში, რუხის საზოგადოებრივ ცენტრში წარმატებული მოსწავლეები და მასწავლებლები დააჯილდოვეს.

ხუთ-ხუთი მოსწავლით დაკომპლექტებულ ორ საუკეთესო გუნდს შორის დებატები გაიმართა თემაზე – „გენდერი“, რის შემდეგაც სპეციალურმა კომისიამ საუკეთესო კონკურსანტები გამოავლინა. ბრიტანეთის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯილდოდ პლანშეტები და კომპიუტერები გადაეცათ არა მხოლოდ ფინალისტებს, არამედ ნახევარფინალისტებსაც. ასევე, პლანშეტებით დაჯილდოვდნენ ინგლისური ენის შემსწავლელ კლუბში ჩართული მასწავლებლებიც.

ბრიტანეთის საბჭოს პროექტი – „ინგლისური ენის კლუბები“, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2018 წლის 13 დეკემბერს დაიწყო. ინგლისური ენის კურსი სოფელ რუხსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები სოფლიდან გაუსვლელად ეუფლებოდნენ ინგლისურ ენას, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგები – პროფესიული გადამზადების პროგრამას. 

იუსტიციის სამინისტროს მიზანია, კონფლიქტის ზონის სოფლებში ინგლისური ენის სწავლება ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და ადგილობრივი თემი გააძლიეროს. პროგრამის -„ინგლისური ენა თემისთვის“ განხორციელების ადგილად სოფლები – ტყვიავი და რუხი საგანგებოდ შეირჩა. 

ინგლისური ენის კლუბების შექნის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციის – “ბრიტანეთის საბჭო საქართველოში” დირექტორმა, საქართველოს იუსტიციის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრებმა მოაწერეს.

ბრიტანეთის საბჭომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა: ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, წალკის, ვალესა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში. ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის კურსი უკვე 1 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა. 

ბრიტანეთის საბჭომ ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბების ორგანიზებისა და ეფექტიანი მუშაობისთვის საზოგადოებრივი ცენტრები უახლესი ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეარჩია. მათი თანამედროვე სტანდარტის შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზებითა და შეხვედრების ოთახებით. ცენტრების მთავარი მახასიათებელი კი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.