„საარჩევნო სიების სრულყოფა“ გრძელდება.

42058378_1777418685714097_865514031304146944_oსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განაგრძობს პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“. პროექტის მიზანი სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ერთიანი საარჩევნო სიის გადაცემაა. სააგენტოს მიერ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, ცესკო უზრუნველყოფს კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეების გადანაწილებას საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით. ამდენად, მისამართზე რეგისტრაცია მოქალაქის საარჩევნო სიაში მოხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სწორი მონაცემების დაზუსტებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფის მიზნით, 2018 წლის 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე სააგენტოში მიმდინარეობს აქცია, რომელიც პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადების საფასურის გადახდისგან ათავისუფლებს მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომლებსაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა აქვთ. მათ შორის არიან რეგსიტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კონკრეტულ მისამართზე.
პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში რეგისტრაციიდან მოხსნილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ხელახლა გაიარა რეგიტრაცია და პირადობის მოწმობის მისაღებად ჩააბარა განაცხადი, რომლის საფუძველზეც დარეგისტრირდება ამომრჩეველთა სიაში.

2018 წელს მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აქციით ისარგებლა 2100–ზე მეტმა რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქემ. საერთო ჯამში, 2016 წლიდან დღემდე 14500–ზე მეტმა რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქემ სრულიად უსასყიდლოდ აიღო ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დარეგისტრირდა კონკრეტულ მისამართზე.