საქართველოში რიგით 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქობულეთში გაიხსნა

70801810_2350135361701698_4672398752705675264_oრეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქობულეთში გახსნა.
იუსტიციის მინისტრმა ქობულეთის მცხოვრებთ და ქალაქის სტუმრებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტიერებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებს. ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქისა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 50 ათასზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება.

ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი აჭარაში რიგით მეოთხეა. ქობულეთის გარდა, ცენტრები ფუნქციონირებს შუახევში, ჩაქვსა და მუხაესტატეში. თანამედროვე სტანდარტების შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღემდე საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისები გამგეობის შენობის გვერდით მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. მცირე ფართი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა მოქალაქეთა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის კი, სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს ქობულეთიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.

66-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საზეიმო კონცერტი გაიმართა.