საჯარო უწყებების წარმომადგენლებს სახელმწიფო სერვისების ინდექსის კონცეფცია გააცნეს

IMG_4568სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისლაბმა საჯარო უწყებების წარმომადგენლებს სახელმწიფო სერვისების ინდექსის კონცეფცია წარუდგინა. კონცეფცია USAID-ის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ პროგრამის მხარდაჭერით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

აღნიშნულ თემაზე 17 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძემ გახსნა.

სახელმწიფო სერვისების ინდექსი მიმდინარე რეფორმის განმავლობაში შემუშავებული „სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიანი პოლიტიკის“ ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ნაწილია.

აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებს სერვისების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას მათი მუდმივი შემოწმებისა და გაუმჯობესების ერთიანი სტანდარტების დანერგვის გზით. გარდა სერვისების ინდექსის შექმნისა, იგი მოიაზრებს, ასევე, სერვისების ინდექსის პორტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სტანდარტების შემუშავებას, ამასთანავე, ითვალისწინებს თვითშეფასების მექანიზმის დანერგვით სერვისების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.

სერვისის ინდექსის დანერგვის გამოცდილება სხვა არაერთ ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ეს მეთოდოლოგია დასავლურ ქვეყნებში, სადაც საჯარო მმართველობა „ახალი საჯარო მენეჯმენტისა“ და მმართველობის სხვა თანამედროვე პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება. სწორედ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო ინდექსზე მუშაობის პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართვა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საერთაშორისოდ არსებული საუკეთესო პრაქტიკული მოდელების ადაპტირება ადგილობრივ ვითარებასა და საჭიროებებთან. სერვისების ინდექსის ქართული კონცეფცია ეყრდნობა სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ძირითად კრიტერიუმებს და, ამავე დროს, მოიცავს სერვისების მიწოდების ფიზიკური და ელექტრონული არხების ასპექტებს.

სერვისების ინდექსის კონცეფციის მთავარ მიზანს წარმოადგენს შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებების სერვისების შეფასება და ამ შეფასების საჯაროდ გამოვლენა შესაბამისი ინდექსის სახით.

ამ დროისათვის სერვისების ინდექსის მეთოდოლოგია წარდგენილია სახელმწიფო სერვისების სამუშაო ჯგუფისთვის, რომელიც სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდექსის მეთოდოლოგიაზე მუშაობის პროცესში სახელმწიფო უწყებების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, რათა მათი პოზიცია და მოლოდინი მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული კონცეფციის დოკუმენტში. აღნიშნულ მეთოდოლოგიასთან ერთად, რეფორმის სახელმწიფო სერვისების კომპონენტი ასევე ითვალისწინებს სერვისის ინდექსის პორტალის შექმნას, სადაც სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებები დარეგისტრირდებიან და დააფიქსირებენ საკუთარ მონაცემებს გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად. აქტივობები კონცეპტუალურად ხელს შეუწყობს უწყებებს შორის ჯანსაღი კონკურენციის დანერგვას, საერთო ჯამში კი – სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას ეროვნულ დონეზე.