ქარელში ქორწინების სახლი გაიხსნა

118765873_3175409595840933_942375234978590089_oქალაქ ქარელში იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლი გაიხსნა.
ამ დრომდე ქარელის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქარელის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა.
3 სექტემბრიდან კი ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ხოლო შაბათ–კვირას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ წინასწარ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. მოქალაქეთა მიღება წარმოებს 09:30-დან 18:00 საათამდე.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, არაერთი ინიციატივის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა ქორწინების ცერემონიალისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და ატრიბუტიკა. ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო: ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, მარტვილში, სენაკში, ხონსა და ბოლნისში. ქორწინების მსურველი წყვილებისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში სპეციალური სადღესასწაულო სივრცე მოეწყო.
გარდა ამისა, 2014 წელს შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი.
2018 წლის 29 ოქტომბრიდან რეგისტრატორები ქორწინებას თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში არეგისტრირებენ.
2018 წლის 31 მაისიდან იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“ ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა, როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო.