საარჩევნო სიების სრულყოფისათვის მუშაობა გრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განაგრძობს პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“.

33994011_1619601501495817_3102431826258427904_oაღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი სიიდან გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების ამოღებაა.
ბაზაში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მონაცემები გარდაცვლილი პირების შესახებ. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები აჭარაში ორ ოჯახში მივიდნენ და მოქალაქეების გარდაცვალების ოქმები ადგილზევე შეადგინეს.
ამავე პროექტის ფარგლებში, წელს სააგენტოს წარმომადგენლები 350-მდე მოქალაქის მისამართზე გამოცხადდნენ. 2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან 7 133 გარდაცვლილი პირის მონაცემებია ამოღებული.
სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ანალიზს „სავარაუდოდ გარდაცვლილ“ პირთა გამოვლენის მიზნით. რისკის მატარებლად საპენსიო ასაკის მქონე პირები მიიჩნევიან, რომლებიც სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, არ არიან პენსიის მიმღებნი. ყველა რეგიონში გვყავს ორი თანამშრომელი, რომელიც „სავარაუდოდ გარდაცვლილი“ პირის რეგისტრაციის მისამართზე მიდის და, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს გარდაცვალების ოქმს, რომელსაც მეორე დღესვე არეგისტრირებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური და გარდაცვლილი პირის მონაცემები ამოირიცხება მონაცემთა ბაზიდან, შესაბამისად, საარჩევნო სიიდანაც.
„საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2018 წლის შემოდგომამდე გაგრძელდება. სააგენტომ პროექტი სწორედ იმ მიზნით შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, არჩევნებამდე, სულ მცირე, 11 დღით ადრე, მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღეისათვის არსებული მდგომარეობით.