საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორებს კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ


IMG_25462019 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან  ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა სავალდებულო ხდება. აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური სანდო სერვისების გამოყენებით მკვიდრდება დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორებს კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის მიზანი იყო ოპერატორებისთვის სიახლის გაცნობა და ცვლილებებთან მიმართებაში მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება, რაც შემდგომში აღნიშნული მიმართულებით მომხმარებლისთვის   ხარისხიანი მომსახურების  გაწევას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. ზემოხსენებული კანონი ითვალისწინებს ნოვაციებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და დასაშვებად მიიჩნევა ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში. ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ საგამონაკლისო, კერძო შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან კი კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სავალდებულო ხდება  ყველა იმ პირისა და ორგანიზაციისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან  ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს.

ინფორმაციისთვის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია და ქვეყანაში ერთადერთ სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.

„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ კი  ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) განახლებული ვერსია აამოქმედა, რომელიც ისეთ სერვისებს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება.