სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის მიწოდებულ მონაცემებთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხარვეზები არ გამოვლენილა.

Logo PSDAსაარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის დროული დახმარების გაწევის მიზნით 28 ნოემბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი (+995 32) 2 40 10 10 მუშაობდა. არჩევნების დღეს ცხელ ხაზზე 12 საათის განმავლობაში 20 ზარი შევიდა. მოქალაქეთა ყველაზე მაღალი აქტივობა 10 :00 დან 12:00 საათამდე დაფიქსირდა და ძირითადად, სხვადასხვა ტიპის კონსულტაციის გაწევას ეხებოდა.
ყველაზე მეტი ზარი იმ მოქალაქეებისაგან შევიდა, რომლებიც არ ფლობდნენ იურიდიული ძალის მქონე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (7 ზარი); შემდეგ პოზიციებზე იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები (4 ზარი) და რეგისტრაციიდან მოხსნილი (1) პირი.
ამასთან, შემოსული ზარებიდან 4 მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იყო (არ ეხებოდა კონკრეტულ პრობლემას), ხოლო 3 არ უკავშირდებოდა სააგენტოს უფლებამოსილებებს. 1 პირი ითხოვდა სხვა პირის მონაცემების დაზუსტებას, რომელსაც პერსონალური მონაცემების დაცვით მიზნით ეთქვა უარი და გაეწია კონსულტაცია, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად საჭირო იყო მონაცემთა სუბიექტები თავად დაკავშირებოდნენ უწყებას.

სერვისების განვითარების სააგენტომდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის საიტზე „ერთობა2018“ (https://dzalaertobashia.ge) – დაფიქსირდა საჩივარები სამაგიდე სიაში სავარაუდოდ გარდაცვლილი ოთხი პირის არსებობის შესახებ. ყველა მათგანის თაობაზე ინფორმაცია გადამოწმდა სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სადაც თითოეულ მათგანს უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან, დღემდე აღნიშნულ პირთა სავარაუდო გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა სააგენტოში და შესაბამისად, სააგენტოს არ გააჩნდა ამ პირთა გარდაცვლილად აღრიცხვის საფუძველი.
მეტი სიზუსტისთვის, სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნული პირებიდან ერთ-ერთის ოჯახის წევრებთან დაუკავშირება შეძლო, როლებმაც დაუდასტურეს კონკრეტული პირის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა ასევე დააფიქსირეს, რომ გარდაცვალების შესახებ მათ არ განუცხადებიათ უფლებამოსილ ორგანოში. უახლოეს ხანში პროექტის „საარჩევნო სიების სრულყოფა“ – ფარგლები, განხორციელდება საველე სამუშაოები და შედგება გარდაცვალების ოქმი. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2013-2018 გამოვლინდა გარდაცვალების ისეთი ფაქტები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული სააგენტოს მიერ და ამ წლებში საარჩევნო სიიდან ამოღებულ იქნა 8 000-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემი.
რაც შეეხება კიდევ სამ მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრების საკონტაქტო ინფორმაცია არ ფიქსირდება ბაზაში, შესაბამისად სააგენტოს თანამშრომლები 29 ნოემბერს ადგილზე გავლენ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით დაადგენენ მათზე ინფორმაციას.
იმისთვის, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში პირი აღირიცხოს გარდაცვლილად, აუცილებელია მის სახელზე მოხდეს გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია (სამედიცინო დაწესებულების შეტყობინების ან გარდაცვალების შესახებ ოქმის საფუძველზე), ხოლო პირის საზღვარგარეთ გარდაცვალების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება გარდაცვალების მოწმობა, ან ასეთი ინფორმაცია სააგენტოს მოეწოდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით; ასევე, თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია სააგენტოს მოეწოდება შემოსავლების სამსახურის მიერ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დღესვე ოპერატიულად გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის მიერ ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის მე-2 და მე-14 უბანზე დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელზე ყალბი პირადობის მოწმობები გამოავლინეს, საარჩევნო სამაგიდო სიასა და პირადობის მოწმობაში არსებული მათი ფოტოები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მისამართზე, იდენტური სახელით და გვარით დარეგისტრირებულ მამა-შვილს.
კერძოდ:

ზურაბ ჩაკვეტაძე – დაბ. 1948 წელს და მისი შვილი, ზურაბ ჩაკვეტაზე, დაბ. 1993 წელს და მცხოვრები თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, კორპუსი 5ა. (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N14-ე უბანზე);
დავით შენგელია – დაბ. 1947 წელს და მისი შვილი, ასევე დავით შენგელია, დაბ. 1974 წელს, მცხოვრები ვ. ბარნოვის ქ. N81. (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N2-ე უბანზე)
აღნიშნულ პირებზე ზუსტი ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ცესკოს ოფიციალურ საიტზე: www.cec.gov.ge.
სავარაუდოდ ორივე შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მამა-შვილიდან ერთ-ერთი იყო მისული და ადგილზე მყოფ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შეცდომაში შევიდა, შესაბამისად დეზინფორმაცია გაავრცელეს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ნებისმიერ პირს, ინფორმაციის გავრცელებამდე გადამოწმონ მისი სიზუსტე.