საერთაშორისო ორგანიზაცია „ODIHR“-მა იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წელს საარჩევნო სიების დასახვეწად გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა

tIAR4kMA_400x400მიმდინარე წლის 28 თებერვალს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) საქართველოში 2018 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.
ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული: „3,5 მილიონზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა არჩევნებისათვის. სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი ძალისხმევა გაწიეს საარჩევნო სიების სიზუსტის გაუმჯობესებისათვის და ამომრჩევლებს  თავიანთი მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა მისცეს. საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეთა უმრავლესობამ საარჩევნო სიების სიზუსტისადმი ნდობა გამოხატა​“.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საარჩევნო სიის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს.
„აღნიშვნას იმსახურებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საარჩევნო სიის ხარისხის გასაუმჯობესებლად განხორციელებული მუშაობა – მათ გარდაცვლილი მოქალაქეები საარჩევნო სიებიდან ამოიღეს და მოქალაქეებს საშუალება მისცეს, უფასოდ აეღოთ და გაეახლებინათ დოკუმენტები და ფოტოები. გარდა ამისა, 196 844 იძულებით გადაადგილებული პირი ამ არჩევნებისთვის შეყვანილ იქნა საარჩევნო სიაში, ფაქტობრივი  რეგისტრაციის მიხედვით. იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს,  რომელთაც არ ჰქონდათ დევნილის სტატუსი, შესაძლებლობა მიეცათ, გაეახლებინათ დოკუმენტები და დარეგისტრირებულიყვნენ ფაქტობრივ მისამართზე. სერვისების განვითარების  სააგენტომ  ამ კატეგორიის მოქალაქეებს სათანადო ინფორმაცია მიაწოდა.
პირველ ტურში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში შეემოწმებინათ და უზუსტობის შესახებ ცესკოსთვის ეცნობებინათ. 27 ოქტომბერს ცესკომ გამოაცხადა, რომ საარჩევნო სიაში ირიცხება 3 518 877 მოქალაქე. დაინტერესებულ მხარეთა აბსოლუტურ უმრავლესობას სიის სანდოობაში ეჭვი არ შეუტანია” – აღნიშნავს „ODIHR“.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ, ასევე, დადებითად შეაფასა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.
„არჩევნების მეორე ტურისთვის სია განახლდა, მასში აისახა მოქალაქეები, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ, შეეცვალათ საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე, სიიდან ამოირიცხა გარდაცვლილი მოქალაქეები. ცესკოს მონაცემებით, სიაში დამატებულ იქნა 13 619 მოქალაქე”, – წერია „ODIHR“-ის ანგარიშში.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს ყურადღების მიღმა არც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მისამართით 2018 წლის 20 ნოემბერს გამოთქმული ბრალდებები დაუტოვებია, რომლებიც თითქოსდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის მცდელობას შეეხებოდა.
„20 ნოემბერს რამდენიმე ადგილობრივმა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ  ერთობლივად განცხადა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდა. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და წინასწარ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მტკიცებულება და დაუშვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ალბათობა, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. აღნიშნულმა ფაქტმა გააღრმავა დაძაბულობა სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. დასკვნით ეტაპზე (საარჩევნო დღეს), საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის, ადგილობრივი დამკვირვებლებისა თუ არჩევნებში მონაწილე მხარეთა წარმომადგენლების მიერ ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია 2018 წელს საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ODIHR“-ის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო  ანგარიშში.