სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 9 აპრილისადმი მიძღვნილ კვირეულს აგრძელებს

IMG_60321989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით,  იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კამპანიის – „მადლობა თავისუფლებისთვის“ – ფარგლებში კვირეულს მართავს.

9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანიდან 5 რეგიონებიდან იყო. კვირეულის ფარგლებში, სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს იმ  რეგიონების საზოგადოებრივ ცენტრებში მართავს, საიდანაც 5 დაღუპული გმირი იყო.

8 აპრილს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში გამართა, რადგან 9 აპრილს  დაღუპულები – ნინო თოიძე და ნატო გიორგაძე სწორედ აღნიშნული რაიონიდან იყვნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული –  ზურაბ ნასარაია,  მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ადგილობრივი ახალგაზრდები.

შეხვედრაზე ისტორიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა – ლევან ჯიქიამ 9 აპრილის მოვლენებსა და საქართველოს ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს ნაჩვენები იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც  9 აპრილის მოვლენების მონაწილეებსა და 21 დაღუპულს ეძღვნება. რგოლში სიმბოლურადაა ნაჩვენები 21 მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი (1989-2019 წლები), რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას შეუწყო ხელი. თუმცა, ეს მხოლოდ მცირედია მოვლენათა იმ მნიშვნელოვანი ჯაჭვისა, რამაც თავისუფლება მოგვიტანა და რისთვისაც ამ უდიდესი მონაპოვრის საწყისებთან მდგომი ადამიანების მადლიერები ვართ.

კვირეულის შეხვედრებს სიმბოლური დატვირთვა აქვს და  იმ მნიშვნელოვან დღეებს ეხმიანება, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

ოფიციალური ვერსიით, სწორედ 8 აპრილს მიიღეს მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება.  საბჭოთა საჯარისო შენაერთებმა საჩვენებელი, დასაშინებელი მანევრი მოაწყეს: ნაშუადღევს თბილისის ქუჩებში ტანკებმა ჩაიარეს, ხოლო ქალაქს ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. თუმცა, ამ ქმედების შედეგი მოსალოდნელის საპირისპირო აღმოჩნდა – მომიტინგეთა რაოდენობა, შემცირების ნაცვლად, სამჯერ გაიზარდა. 8 აპრილს  თბილისში გაიმართა პარტიული ხელმძღვანელებისა და ძალოვნების თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი იგორ როდიონოვი და მოსკოვიდან ჩამოფრენილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კონსტანტინე კოჩეტოვი. ოფიციალური ვერსიით, სწორედ ამ თათბირზე მიიღეს მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება.

კვირეულის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მადლიერების გამოხატვა, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება, ასევე, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

კვირეულის ფარგლებში, პირველი ღონისძიება 4 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, რადგან 9 აპრილს დაღუპულთაგან ორი – შალვა (დათო) ქვასროლიაშვილი და მამუკა ნოზაძე კახეთის რეგიონიდან იყვნენ.