საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ

აღნიშნული აქცია ასაკობრივ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, უცხოეთში მყოფი ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქე შეძლებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას.

პასპორტის უფასოდ მიღება მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის.

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, ტელეფონით, ნომერზე – (+995 32) 2 40 10 10, სკაიპის მეშვეობით – sda.gov.ge და ონლაინკონსულტაციით ვებგვერდზე – https://chat.sda.gov.ge/client.php?locale=ka.

აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge;);  ისარგებლეთ სკაიპით (მისამართი – sda.gov.ge) ან დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405; 240 10 10.