ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში პროგრამული ენის შემსწავლელი ერთწლიანი უფასო კურსი დაიწყება

60660078_2117158735073422_7338014967393681408_oპროგრამული ენის შემსწავლელი კურსი ტყვიაველი მოსწავლეებისთვის − იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალგაზრდებს პროექტის შესახებ ესაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზაცია „რეფორმერის“ ორგანიზებით საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში პროგრამული ენის შემსწავლელი ერთწლიანი უფასო კურსი იწყება.

იუსტიციის მინისტრთან ერთად ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ორგანიზაცია „რეფორმერის“ დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი და საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონი ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია რეგიონების ახალგაზრდებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მათი მომზადება შრომის ბაზრისთვის.

პროგრამული ენის შემსწავლელი კურსის პირველი ეტაპი სამი თვე გაგრძელდება და სწავლებას ადგილობრივი სკოლის IX-XII კლასების 15 მოსწავლე გაივლის.

პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, აქტიურად ჩაერთონ სწავლების პროცესში და შეიძინონ მომავლის პროფესია. სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ისე სტაჟირებას.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები ყველა იმ ძირითად და საჭირო უნარსა და ცოდნას შეიძენენ, რაც ვებპროგრამირების სფეროს სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ვებპროგრამირება სწორედ ის სფეროა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სრულყოფილად შეძლონ კურსის გავლა და არ შეექმნათ ტექნიკური პრობლემები, სპეციალურად პროგრამული ენის შემსწავლელი კურსის მონაწილეებისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში დამატებით 10 ლეპტოპი ჩაიტანა.

პროექტი დაიწყება სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრიდან და თანდათანობით მოიცავს საქართველოს ყველა იმ რეგიონს, სადაც წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრები.

ამ მასშტაბური პროექტის პარტნიორები საქართველოში არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: „ორიენტ-ლოჯიკი“ (Orient-Logic) და „ჰუავეი“ (Huawei).