სერვისების განვითარების სააგენტო GITI 2019-ის სამი ჯილდოს მფლობელი გახდა

IMG_6895ინფორმაციული ტექნოლოგიების რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც თბილისში ყოველწლიურად იმართება, საუკეთესო IT პროექტების ავტორები დააჯილდოვეს. 15 ნომინაციაში წელს საჯარო და კერძო სექტორების 20 პროექტი იყო წარდგენილი. აქედან სამ ნომინაციაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტმა გაიმარჯვა.

  • ფართოდ გამოყენებადი ელექტრონული სერვისი
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი
  • საუკეთესო მუნიციპალური ელექტრონული გადაწყვეტილება

ამ ნომინაციებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კონკურენცია ვერავინ გაუწია.

კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური IT პროექტები და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარება − რეგიონული კონფერენციის მთავარი თემები იყო.

წლევანდელი მე-11 კონფერენცია 4 ივნისს დაიწყო და ის, ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობას სახელმწიფოსა და მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც მან აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, როგორებიცაა – ელექტრონული მმართველობის განვითარება, მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდების ერთიანი პლატფორმის (My.gov.ge) ფუნქციონირება, ელექტრონული დეკლარირების სისტემა, ელექტრონული აუქციონი და შესყიდვები, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება – შეუძლებელი იქნებოდა IT ტექნოლოგიების განვითარების გარეშე:

„თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია ამა თუ იმ ორგანიზაციისა თუ ქვეყნის სრულყოფილი ფუნქციონირება. ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესი წილი მოდის IT სფეროზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესში. ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურების − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ე.წ. სმართ ლოჯიქის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით“.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებზეც, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე − დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებს მოშორებულ პატარა სოფლებში − ერთნაირად მაღალი სტანდარტით გასცემს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს, რაც სწორედ ტექნოლოგიების განვითარების შედეგია. უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მოწინავე ადგილზეა, ბიზნესის ონლაინრეგისტრაცია კი ინოვაციური მომსახურებაა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველომ, როგორც თანამედროვე ქვეყანამ, უნდა გააგრძელოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურებისა თუ სხვა მიმართულებების განვითარება, ამ პროცესში კი კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა განუზომლად დიდია.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ. მისი თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გარეშე.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით მიმდინარე მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრება.