სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვენენ

ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, მსჯავრდებულთა საჯარო სექტორში ანაზღაურებადი დასაქმების უპრეცედენტო პროექტი დაიწყო.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების 10 პატიმარი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი გახდა. ისინი ყოველთვიურად მიიღებენ სტაბილურ ხელფასს.

მსჯავრდებულები დოკუმენტაციის გაციფრულების სრულ პროცესში მხოლოდ გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სკანირებას განახორციელებენ. სამუშაოს დაწყებამდე, მათ სპეციალური მომზადების კურსი ჩაუტარდათ. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მომავალში საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციას და რესოციალიზაციას.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2014 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანა, რაშიც ჩართული არიან პირობით მსჯავრდებულები  და  საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება, სულ მცირე, 1 000 000 აქტის ასახვა ელექტრონულ ბაზაში და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირება შესაბამის ელექტრონულ აქტზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც,  იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, წარმატებით განახორციელა  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი პირების და პირობით მსჯავრდებულების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.