საზოგადოებრივ ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

IMG_4044ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრში პარაოლიმპიელმა სპორტსმენებმა ადგილობრივ საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის 15-მდე მოსწავლესთან და ქარელის დღის ცენტრის „სიკეთის ხიდის“  7 არასრულწლოვან ბენეფიციართან, ინტეგრირებული საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ღონისძიების სლოგანი იყო – “შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. შეხვედრა მიზნად ისახავდა ამ მიმართულებით მოზარდების ცნობიერების ამაღლებას.

ახალგაზრდებთან საინფორმაციო-ინტერაქტიულ შეხვედრას  ავღანეთში სამშვიდობო მისიით ყოფნისას დაშავებული კაპრალები – თემურ დადიანი და ალეკო გითოლენდია უძღვებოდნენ.

თემურ დადიანი ფარიკაობაში საქართველოს სამგზის  ჩემპიონი,  პარამკლავჭიდში – ევროპის სამგზის ჩემპიონი,  მსოფლიოს ოთხგზის  ვიცეჩემპიონი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, აზიდვებში გინესის ორგზის რეკორდსმენი და  პარამოთხილამურეა. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანი, უმწიკვლო სამსახურისთვის და მესამე ხარისხის ორდენოსანი ალეკო გითოლენდია კი სპორტის სხვადასხვა სახეობის – კალათბურთის, ცურვის, ველორბოლის, ნიჩბოსნობისა და მშვილდოსნობის ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულია.

სპორტსმენებმა ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურში საქმიანობის თავიანთი ისტორიები უამბეს და გამოცდილება გაუზიარეს – როგორ წარმართეს საკუთარი ცხოვრება ქვედა კიდურების დაკარგვის შემდეგ და როგორ მიაღწიეს წარმატებას.

იუსტიციის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ პირებისთვის მეტად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე.

იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. უკვე რამდენიმე წელია, ყრუ და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ 40-ზე მეტი სახის სახელმწიფო სერვისი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისების სამსახურს მსურველები უკავშირდებიან სკაიპის მეშვეობით – sda.gov.ge-ზე, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები მათ კონსულტაციას ჟესტების ენაზე უწევენ.