სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა

IMG_6810სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ ვებინარში – „სახელმწიფო სერვისების მიწოდება COVID-19–ის დროს: რა განსაზღვრავს სამომავლოდ საჯარო მმართველობის ეფექტურ ფუნქციონირებას COVID-19-ის შემდეგ, მსოფლიოში?“.

დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP), მსოფლიო ბანკისა (World Bank) და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი, თანმიმდევრული ნაბიჯები, ასევე, ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა სერვისების გაცემა დისტანციურად აპრილის თვიდან განაახლეს. მომხმარებელს საშუალება მიეცა, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად ესარგებლა სამინისტროს დისტანციური სერვისებით.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქმედ დისტანციურ სერვისებს ახალი, ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები დაამატა და  მათი მოქმედების ტერიტორიული არეალი გააფართოვა.

მომხმარებელს დოკუმენტზე განაცხადის გასაკეთებლად ან მზა საბუთის მისაღებად აღარ სჭირდება სააგენტოში მისვლა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, როდესაც განაცხადის მისაღებად აუცილებელია პირის ბიომეტრიული მონაცემების ადგილზე დაფიქსირება, მაგალითად, პირველად პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე, პირველად ბიომეტრიულ პასპორტზე და პირადობის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის PIN (PUK) კოდების აღდგენაზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების შესახებ მომხმარებელს კონსულტაციის მიღება შეუძლიათ ცხელი ხაზის – 032 2 40 10 10/ 032 2 405 405, „სკაიპის“ – sda.gov.ge და ონლაინ კონსულტაციის მეშვეობით – https://chat.sda.gov.ge/client.php

სააგენტომ დისტანციურად გასცა 10 000-ზე მეტი სერვისი და მოქალაქეებს სახვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით 100 000-ზე მეტი კონსულტაცია გაუწია.