სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიბერუსაფრთხოების სისტემების გაძლიერების და მონაცემთა მართვის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი დაიწყო

120932895_3246931108762840_8491359758972428715_oსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიბერუსაფრთხოების სისტემების კიდევ უფრო გაძლიერების და საჯარო სექტორისთვის მონაცემთა შეგროვებისა და მართვის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიზნით იწყებს ახალ პროექტს – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მონაცემების მართვის პროცესების გაძლიერების გზით“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განხორციელდება.
სააგენტო საქართველოში სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული. სააგენტო მუდმივად ზრუნავს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით.
COVID-19-ის პანდემიის პირობებში სააგენტო სწრაფად მოერგო შეცვლილ რეალობას და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო იზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის შეუფერხებელი მომსახურების მიწოდების მიზნით, ყველაზე მოთხოვნადი სერვისები უმოკლეს ვადებში ელექტრონულ ფორმატში გადაიტანა და არსებული დისტანციური სერვისების მოქმედების არეალი გააფართოვა.
პანდემიის გამო ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, კიბერუსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენა.
ვინაიდან, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების თანახმად, სააგენტო არის სხვადასხვა სამოქალაქო რეესტრის მფლობელი და ქვეყანაში ელექტრონული სანდო სერვისების ერთადერთი მიმწოდებელი, იგი პასუხისმგებელია უზრუნველყოს თავისი საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება და დაცვა ყველა შესაძლო კიბერსაფრთხისგან, დროულად გამოავლინოს და მყისიერი რეაგირება მოახდინოს საფრთხეებზე უახლესი ტექნოლოგიების დანერგვითა და გამოყენებით.
სააგენტო, პროექტის ფარგლებში, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებს:
 გააუმჯობესებს კიბერსაფრთხეების პრევენციის, ანალიზისა და დაცვის სისტემებს;
 უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისა და მის მიერ გაცემული სერვისების უსაფრთხოებას, შესაბამისად, შეუფერხებელ მომსახურებას;
 შეიმუშავებს საჯარო სექტორისთვის მონაცემთა შეგროვების და მართვის ერთიან სტანდარტს.
პროექტის შედეგად გაიზრდება სააგენტოს საინფორმაციო სისტემების და მონაცემების უსაფრთხოება, რაც არსებით გავლენას იქონიებს საჯარო სერვისების მდგრადობასა და საიმედოობაზე, უზრუნველყოფს ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებული ინიციატივების ეფექტიანობას ქვეყნის მასშტაბით.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში საჯარო სექტორისთვის შემუშავებული მონაცემთა შეგროვებისა და მართვის სტანდარტები გახდება ძირითადი გზამკვლევი სახელმწიფო უწყებებისთვის მონაცემთა მართვის გაუმჯობესების პროცესში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და დიდი ბრიტანეთის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.