ზურა3საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ მე-19 საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიება “The many faces of the pandemic: what does the future hold for anti-corruption movement? Digitalization, innovation and integrity as drivers for the success” გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობდნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს პანდემიის ფარგლებში არსებულ წარმატებებსა და გამოწვევებზე, ასევე პანდემიის პერიოდში ელექტრონული სერვისების მიწოდების კუთხით მიღწეულ შედეგებზე. მხარეებმა დისტანციური სერვისები გამჭვირვალე და კორუფციის პრევენციის ხელშემწყობ საუკეთესო საშუალებად შეაფასეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში დანერგილი სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელი გააცნო. ზურაბ სანიკიძემ  იმ ინოვაციური მომსახურებების შესახებაც ისაუბრა, რომელთაც სააგენტო  საქართველოს მოქალაქეებსა და  უცხოელებს სთავაზობს. მან ასევე ისაუბრა COVID 19-ის პრევენციის მიზნით იუსტიციის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდშიც დისტანციური მომსახურება  წარმატების გასაღებია, რადგან მოსახლეობას სერვისებზე სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად აქვს  წვდომა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ინტერაქცია მოქალაქესა და სერვისის მიმწოდებელს შორის მაქსიმალურადაა შემცირებული, რაც ვირუსის პრევენციასთან ერთად, ხელს უწყობს პროცესების მაქსიმალურად ეფექტურად და გამჭირვალედ წარმართვას და კორუფციის რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.